გურიის პრობლემები

 

გურია, მიუხედავად მისი სილამაზისა, საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობისა, ისტორიული წარსულისა, დღეს პრობლემების წინაშე დგას.

ამ პრობლემების დახასიათებას უპირველესად ჩემი სოფლიდან დავიწყებ, რადგან ჩემი სოფლის ნაკლს თუ სიკეთეს უფრო კარგად ვხედავ.

ჩემს სოფელში არაერთი ეკოლოგიური პრობლემაა, განსაკუთრებით აქტუალურია გზის პრობლემა.

ჩემი სოფლის გზები ძლიერ გაფუჭებულია. ყოველგვარ ტრანსპორტს უჭირს აქ შემოსვლა, ეს კი თავისთავად სოფლის მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ციტრუსია, ამ ციტრუსის გაყიდვა-რეალიზაცია ძირითადად სხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტით ხდება. უგზოობა კი ხელისშემშლელი პირობაა იმისა, რომ დიდი ავტომობილების შემოსვლა რთულდება, ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსული ციტრუსის სოფლის გარეთ გატანა-რეალიზაცია თვითონ უწევს, ეს კი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის ძირითადი მდინარეა სეფა. ამ მდინარის რეჟიმში მნიშვნელოვანია წყალდიდობა. მდინარეს წყალდიდობა ახასიათებს წვიმების დროს. ამ დროს მის შენაკადებს დიდი რაოდენობის წყალი მიაქვს მდინარეში და თუ წვიმა ხანგრძლივი დროის მანძილზეა, მდინარეს წყალმოვარდნა ახასიათებს. განსაკუთრებით წყალდიდობა ხდება შემოდგომის პერიოდში. ამ დროს მდინარე ტბორავს სანაპირო ზოლს, და ყოფილა შემთხვევები, რომ სახნავ-სათესი სავარგულებიც წაუღია, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ ზარალს იწვევს. იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა თავიდან იქნას აცილებული, აუცილებელია წყაშემაკავებელი ჯებირების აგება, რომ წყალმოვარდნის დროს მდინარემ კალაპოტი არ დატოვოს.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მცირდება ტყეების ფართობები. მოსახლეობა სათბობის მიზნით მასიურად ჭრის ტყეს. უტყეო ტერიტორიაზე მატულობს ზედაპირული ჩამონადენი და აორთქლება, ვითარდება ეროზიული პროცესები, ნადგურდება ცხოველთა სამყაროს სახეობების ადგილსამყოფელი. ტყეების ჭრას უარყოფითი შედეგები მოაქვს ბუნებისთვისაც.

სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გურიის რეგიონის ახალგაზრდების უმეტესობა დაუსაქმებელია, ამიტომ ისინი სოფლის გარეთ ეძებენ სამუშაოს, რაც გურული სოფლის მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია. სოფელი რომ არ დაიცალოს, აუცილებელია გამოსავლის ძებნა, რათა შევაჩეროთ მიგრაცია.

მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე რეგიონში არასუფთა პროდუქციის რეალიზაციას უწყობს ხელს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება. ყველა ზემოთ დასახელებული პრობლემა (რომლის წინაშეც სოფელი დგას) რომ ავიცილოთ თავიდან, ჩვენ, მომავალმა თაობამ უნდა ვირუნოთ და მოვაგვაროთ, რათა ბედნიერად ვიცხოვროთ და ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა.

Hosted by uCoz